English / ქართული / русский /
მირონ ტუღუში
,,მწვანე მენეჯმენტის” ზოგიერთი საკითხი საქართველოში

ანოტაცია:  განვითარებულ ქვეყნებში ,,მწვანე ეკონომიკისა“ და ,,მწვანე მენეჯმენტის“ სფეროში განსაზღვრულია სახელმწიფოს, ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის თუ სხვათა მოვალეობები და პასუხისმგებლობა. ,,მწვანე მენეჯმენტის“ საკითხები ქვეყნების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მართვის სისტემის ორგანული შემადგენელი ნაწილია. საქართველოში ხელისუფლება დაინტერესებულია ,,მწვანე ეკონომიკისა“ და ,,მწვანე მენეჯმენტის“ განვითარებით, ხორციელდება მთელი რიგი პროგრამები და პროექტები, თუმცა, გარკვეული წინსვლის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამ მხრივ, სერიოზული პრობლემებია მცირე და საშუალო ბიზნესში.

საკვანძო სიტყვები: ,,მწვანე მენეჯმენტი“, ,,მწვანე ეკონომიკა“, გარემოზე ზემოქმედება, გარემოს დაცვითი ღონისძიებები, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა. 

განვითარებული ქვეყნები დიდი ხანია ჯეროვან ყურადღებას უთმობენ ,,მწვანე ეკონომიკის“ საკითხებს და კარგი  შედეგებიც აქვთ. ამას ვერ ვიტყვით განვითარებად ქვეყნებზე, სადაც, ერთეული გამონაკლისების გარდა (ტუნისში არსებობს განახლებადი ენერგიის მიღებისა და გამოყენების  საინტერესო გამოცდილება, ტყეების მართვაში  წარმატებებს მიაღწიეს ნეპალში, ორგანული სოფლის მეურნეობა წარმატებით ვითარდება უგანდასა და კუბაში და ა.შ.),  ,,მწვანე ეკონომიკის“ პრობლემები კვლავაც მეტად აქტუალურია. უკანასკნელ წლებში,  ამ მხრივ მდგომარეობის რამდენადმე გაუმჯობესების მიუხედავად, რაშიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რიგი ღონისძიებების რეალიზაციამ დადებითი როლი ითამაშა, ჩვენს ქვეყანაში,  ,,მწვანე ეკონომიკის“ განვითარების დონე  სახარბიელო არაა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ    გასულ წელს, ქვეყნის  სამთავრობო პროგრამაში ასახული და პრემიერ-მინისტრის მიერ პირველი რიგის  ამოცანად მოხსენიებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის რეალიზაცია, რომელიც ,,მწვანე ეკონომიკის“ სტრსტეგიასაც მოიცავს,   ამ სფეროში შექმნილი მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესების  პერსპექტივებს სახავს.

იმისათვის, რომ ავირიდოთ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება აუცილებელია, ,,მწვანე ეკონომიკის“ საყოველთაოდ ცნობილ სექტორებში[1], მუდმივად და არა პერიოდულად,   განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შესაბამისი  ღონისძიებების შემუშავებასა და რეალიზაციას. ასეთი მრავალმხრივი საქმიანობა ხელისუფლების ყველა შტოს, კერძო სექტორის,  მასმედიის, მთელი მოსახლეობის გაერთიანებულ ძალისხმევას საჭიროებს.

,,მწვანე ეკონომიკის“ სექტორების მიხედვით დასახული ღონისძიებების რეალიზაცია წარმოუდგენელია ,,მწვანე მენეჯმენტის“ გარეშე. ,,მწვანე მენეჯმენტი“ ესაა მმართველობითი საქმიანობა, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი (ეკოლოგიური) მენეჯმენტის საფუძვლების სრულყოფა,  გარემოსდაცვით საქმიანობაზე პასუხისმგებელი პერსონალის, გარემოსდაცვითი მართვის სისტემებისა და  კომუნიკაციების განვითარება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

ნებისმიერი მიმართულებით ,,მწვანე მენეჯმენტის“ უმთავრესი დანიშნულებაა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილება-აღმოფხვრა, რაც მეტად რთული, შრომატევადი, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მატერიალურთან ერთად სოლიდურ ფინანსურ რესურსებს საჭიროებს. ,,1960  წლის ბოლომდე ადამიანების (და ორგანიზაციების) მხოლოდ მცირე ნაწილი აქცევდა ყურადღებას მათი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების ეკოლოგიურ შედეგებს. მთელმა რიგმა სტიქიურმა უბედურებებმა ინდივიდუალურ პირებს, ჯგუფებს და ორგანიზაციებს (და ჩვენი აზრით, ქვეყნების მთავრობებსაც, მ.ტ.) გარემოს დაცვის (ენვაირონმენტალიზმის) ახალი სული შთაბერა. მენეჯერები სულ უფრო და უფრო მეტად ითვალისწინებენ მათი ორგანიზაციების ზემოქმედებას გარემოზე, რასაც ჩვენ ,,მწვანე მენეჯმენტს“ ვუწოდებთ. მენეჯერებს და ორგანიზაციებს კი ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ბუნებრივი გარემოს დასაცავად“ (4.ს. რობინსი, მ. კოულტერი, მენეჯმენტი, თავი 5, გვ. 158-159). ჩვენ ვიზიარებთ ცნობილი მეცნიერების ამ მოსაზრებას, ამასთან გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ მათ ,,მწვანე მენეჯმენტის“ პრობლემა განხილული აქვთ ზოგადი მენეჯმენტის საკითხებთან შესაბამისობაში, ანუ ორგანიზაციების დონეზე და მისი მიზნებიდან გამომდინარე.

მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილება-აღმოფხვრაში, კერძოდ, კი ,,მწვანე ეკონომიკისა“ და  ,,მწვანე მენეჯმენტის“ ღონისძიებების განხორციელებაში მაორგანიზებელი როლის შესრულება ეკისრება ქვეყნის როგორც  საკანონმდებლო და აღმასრულებელ, ასევე  სასამართლო ხელისუფლებას. საქართველოს მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებმა,  მერიებმა, მუნიციპალიტეტებმა სრულად უნდა გააცნობიერონ აღნიშნული პრობლემის მნიშვნელობა და თავიანთი კომპეტენციის, ფინანსური რესურსებითა და  საშტატო ერთეულებით მაქსიმალურად შეეცადონ დროულად განახორციელონ გარემოსდაცვითი ღონისძიებანი.

უკანასკნელ წლებში, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში, არაერთი მიმართულებით, მრავალი გარემოსდაცვითი ღონისძიებაა გათვალისწინებული, რომელთა დაფინანსების წყაროს  ბიუჯეტების საკუთარ შემოსავლებთან  ერთად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები და გრანტები წარმოადგენს. მაგალითად, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში[2], რომელიც 2017 და 2018 წლების ბიუჯეტების მონაცემებსაც მოიცავს, ასახულია მთელი რიგი პროგრამები თუ ცალკეული ღონისძიებები, რომელთა დანიშნულებაა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილება და რიგ შემთხვევაში აღმოფხვრაც კი. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა აღნიშნული საკითხის მიმართ ჩვენი ქვეყნის მთავრობის მიერ გაცხადებული პოზიცია, რომელიც, გასული წლების მსგავსად, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც აისახა. კერძოდ, ბიუჯეტის V თავის - ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამების“ 12-ე მუხლში- ,,გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა“, რომელშიც აღნიშულია:

 ,,ეკონომიკური განვითარების პარალელურად, გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვანი გამოწვევა და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, კერძოდ: საქართველოსა და ევროკავშირს შორის  ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად გაგრძელდება თანამედროვე გარემოსდაცვითი პრინციპებისა და სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვა, მდგრადი განვითარების მიზნების გარემოსდაცვითი მიმართულებების შესრულება და ,,მწვანე ეკონომიკის“ პრინციპების რეალიზება.

ჩამოყალიბდება გამჭვირვალე პროცედურებზე დაფუძნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა. დაიხვეწება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული რისკების შემცველი საქმიანობების ჩამონათვალი. საპროექტო იდეის შემუშავების საწყის ეტაპზევე შეფასდება დაგეგმილი საქმიანობის მიზანშეწონილება, რაც ინვესტორს ფუჭი ფინანსური დანახარჯებისგან დაიცავს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა უფრო ეფექტიანი გახდება. ქვეყნის  სივრცითი  მოწყობისა და ქალაქების განვითარების გეგმებს, აგრეთვე სხვადასხვა სექტორში მომზადებულ გეგმებსა და პროგრამებს ჩაუტარდება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, რაც ქვეყანას სხვადასხვა მნიშვნელოვანი სექტორის განვითარების დაგეგმვის პროცესში ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის  ასპექტების გათვალისწინების საშუალებას მისცემს.

გარემოს დაზიანების პრევენციისა და აღმოფხვრის (კომპენსაციის) მიზნით ჩამოყალიბდება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემა;

მოწესრიგდება სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და მოპოვების საკითხები ამ სფეროთი კერძო სექტორის მაქსიმალური დაინტერესების სტიმულირებისთვის ლიცენზირების პროცესში გათვალისწინებული იქნება ეკოლოგიური ასპექტები. სახელმწიფო შეძლებს რესურსების ეფექტიან გამოყენება-ათვისებას;

დაინერგება ახალი მარეგულირებელი ნორმები ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებისა და ბიოლოგიური რესურსებით მდგრადი სარგებლობის მიზნით, მათ შორის, ნადირობისა და თევზჭერის სფეროებში;

სახელმწიფო უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების გაფართოებასა და ეკოტურიზმის ხელშეწყობას;

ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვისა და ხელშეწყობისათვის დამკვიდრდება ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ეფექტიანი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას;

კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების რისკების შესამცირებლად გაფართოვდება ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი, გაძლიერდება მოდელირების შესაძლებლობები და დაინერგება ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემა;

კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში სათბურის ეფექტის მქონე აირების გაფრქვევების შესამცირებლად; 

გაუმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად დადგინდება თხევადი საწვავის ხარისხობრივი ნორმები და დაიხვეწება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის სისტემა;

გაგრძელდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლა, რომელიც სააუზო მართვის ევროპულ პრინციპებს ეფუძნება;

შეიქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რადიაციის შესაძლო მავნე ზეგავლენისგან  მოსახლეობისა და გარემოს დაცვას“;

გარემოსდაცვითი ღონისძიებების რეალიზაციის მიზნით, ამავე ბიუჯეტში, ყურადღება გამახვილებულია გარემოსდაცვითი კონტროლის გაძლიერებაზე (12.1 გარემოსდაცვითი ზედამხედველობა -პროგრამული კოდი 31 08).

განხორციელდება გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულყოფა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ჯეროვან შესრულებას, გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას;

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემთხვევაში მისი აღსრულების მიზნით განხორციელდება: რეგულირების ობიექტების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის თავიდან ასაცილებლად განხორციელებული ღონისძიებების კონტროლი; გარემოსთვის მიყენებული ზიანის ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით შეფასება; გარემოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ან სანაცვლო ღონისძიებების განხორციელების კონტროლი;

შეფადება საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა (2017–2021 წწ.)  და შემუშავდება გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა (2022–2026 წწ.), ასევე,  საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის (2015–2020 წწ.) და საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის (2017–2020) შესაბამისი სამოქმედო გეგმები (12.2 გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა - პროგრამული კოდი 31 01);

მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გათვალისწინებული სატყეო სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვის ნაწილში (პროგრამული კოდი 31 10)

გაძლიერდება ყურადღება დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებისა  და მართვისადმი  (12.4, პროგრამული კოდი 31 09)

ეკოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად დაგეგმილია დაცული ტერიტორიების გაფართოება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა.

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამებსა და პრიორიტეტებში საგანგებო ყურადღება აქვს დათმობილი  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს, რადგან ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოს რეგიონების განვითარების, საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში საქართველოს მაქსიმალური ინტეგრირებისა და ეკონომიკური განვითარების სტიმულირების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, კერძოდ:

-გაგრძელდება და სწრაფი ტემპით წარიმართება ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა, არსებული გზების რეკონსტრუქცია და საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზაცია. ქვეყნის მასშტაბით აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო და რეგიონების დამაკავშირებელი შიდა საავტომობილო გზები;

-მეტი ყურადღება დაეთმობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტის- მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების   უზრუნველყოფას;

-აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგება-კანალიზაციის და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში;

-ნარჩენების მართვა განხორციელდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისები. უზრუნველყოფილი იქნება არსებული ნაგავსაყრელების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა და ისინი ეტაპობრივად დაიხურება. ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყობა ახალი რეგიონული სანიტარიული ნაგავსაყრელები. დაინერგება ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების სისტემები;

-გაიზრდება ნაპირდაცვითი სამუშაოების მოცულობები და ა.შ.       

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ ,,პრიორიტეტებსა და პროგრამებში“ დეკლარირებული მიზნები და ამოცანები კონკრეტული ღონისძიებების სახით,   რეგიონებისა და დაფინანსების ოდენობების მითითებით წარმოდგნილია  ამავე ბიუჯეტის მე-16 მუხლში - ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები“. მაგალითად, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის 2019 წელს დაიხარჯება 226 მლნ-ნზე მეტი ლარი (კოდი-25.04), მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის განხორციელებაზე - 40 მლნ-მდე (კოდი-25.05), ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობისათვის- დაახლოებით 813 მლნ ლარი (კოდი-25.02.03), სატყეო სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვის მიზნით - დაახლოებით 12 მლნ (კოდი-31.10), გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად- 5 მლნ (კოდი-31.12), გარემოს დაცვის სფეროში მონიტორინგის განსახორციელებლად დაახლოებით 2.4 მლნ  (კოდი-31.14), ბათუმში ახალი ავტობუსების  პროექტის განსახორციელებლად- 7.8  მლნ (კოდი- 54.02.04), თბილისში ამავე მიზნით -75 მლნ  (კოდი-54.12.05), თბილისში მყარი ნარჩენების პროექტის განსახორციელებლად-20 მლნ ლარი (კოდი-54.12.06) და ა.შ.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული პროექტების, პროგრამების თუ ცალკეული ღონისძიებების დაფინანსების წყაროს ბიუჯეტების საკუთარ შემოსავლებთან  ერთად წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო სახსრები, შეღავათიანი კრედიტები და გრანტები.

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების მონიტორინგისა და მართვის სულყოფის საკითხები. მითითებულია, რომ მართვის სისტემის დეცენტრალიზაციის  და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებზე და მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის მუშავდება შესაბამისი წინადადებები.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ  მთავრობას, ზოგადად მართვის, ასევე ,,მწვანე ეკონომიკის“ მართვის, ანუ ,,მწვანე მენეჯმენტის“ მხრივ, როგორც უმაღლეს რგოლში (ქვეყნის მთავრობა), ასევე საშუალო (ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობა) თუ დაბალ რგოლებში (მუნიციპალიტეტებში)  ორგანიზაციული სტრუქტურის არსებითი ხასიათის ცვლილება და ახალი სამსახურების შექმნა არ დასჭირდება[3]. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებიდან ჩანს (3,დებულება), რომ გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანი მართვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული სტრუქტურა არსებობს როგორც მართვის უმაღლეს რგოლში, ასევე საშუალო და დაბალ რგოლებში, ამასთან,  ისინი უზრუნველყოფილია  აუცილებელი მეთოდური  თუ მეთოდოლოგიური მასალებით.

მართალია, გარემოსდაცვითი ღონისძიებების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების და რიგ შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების ნაკლებობა[4]  პრობლემის მოკლე დროში მთლიანად გადაჭრის შესაძლებლობას არ იძლევა, მაგრამ პერსპექტივაში მათი ეტაპობრივი დაძლევისათვის საჭირო რესურსების მოძიება ქვეყანას არ უნდა გაუჭირდეს, მითუმეტეს, რომ ამით დაინტერესებულია საქართველოს მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო  ორგანიზაციები. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი საქმიანობისათვის აუცილებელი  საკანონმდებლო ბაზა  არსებობს და საჭიროების შემთხვევაში მისი სრულყოფა პრობლემას არ წარმოადგენს (მაგალითად, ამჟამად, საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესშია კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“). დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ ნორმებთან, თუმცა, მომდევნო წლებში უფრო მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის სრულყოფის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი) ,,მწვანე ეკონომიკისა“  და ,,მწვანე მენეჯმენტის“ პრობლემებს ადეკვატურად აფასებს, ამ მხრივ შემუშავებული სტრატეგიაც და პროგრამა-პროექტებიც საყურადღებოა, თუმცა, როგორც პრაქტიკა ადასტურებს,  წინსვლის მიუხედავად, ქვეყანაში მათი რეალიზაციის პრობლემა მაინც არსებობს, რაც  აუცილებლად უნდა გადაიჭრას, მითუმეტეს, რომ გარემოს დაცვის ღონისძიებების რეალიზება პირდაპირ არის დაკავშირებული ევროკავშირთან ასოცირების შესახებ  შეთანხმების შესრულებასთან. ამ მხრივ საინტერესო იქნება  საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიში, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

გარემოს დაცვის, ,,მწვანე ეკონომიკისა“ და ,,მწვანე მენეჯმენტის“ სფეროში არსებული პრობლემების დაძლევის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ბიზნესს.  საყოველთაოდ ცნობილია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანწილად გარემოს დაცვასაც გულისხმობს. როდესაც კომპანია ჩართულია ბუნებრივი გარემოს დაცვის მოძრაობაში ის, ბუნებრივია, ცდილობს საჯარო გახადოს საქმიანობის შედეგები. მსოფლიოში 1300 მეტი მსხვილი ორგანიზაცია აქვეყნებს ასეთ ანგარიშებს, რომლებშიც აღწერილია მათ მიერ განხორციელებული ,,მწვანე” ღონისძიებები.

ბიზნესის ,,სიმწვანეზე“ მიუთითებს მის მიერ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  (ISO) მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა, როგორიცაა, მაგალითად, ISO 9000 (ხარისხის მენეჯმენტი), ISO 14 000 (გარემოს დაცვის მენეჯმენტი), ISO 22 000  (საკვების უვნებლობის მენეჯმენტი), ISO 26 000 (სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯმენტი), ISO 50001 (ენერგო რესურსების მენეჯმენტი) და ა.შ. ,,ორგანიზაციამ, რომელსაც სურს დაიცვას ISO 14 000 სტანდარტი რთული გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესასრულებლად, უნდა შექმნას მენეჯმენტის მთელი სისტემა. მუდმივად უნდა გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი მუშაობის მაჩვენებლები. კომპანიის მწვანე საქმიანობის შეფასების კიდევ ერთი გზაა მსოფლიოს ყველაზე მდგრადი ორგანიზაციების ნუსხაში - GLOBAL 100-ში მოხვედრა. ამისათვის ორგნიზაციამ  გარემოსდაცვითი და სოციალური მენეჯმენტის შესანიშნავი უნარი უნდა გამოამჟღავნოს“ (4. ს. რობინსი, მ. კოულტერი, მენეჯმენტი, თავი 5, გვ. 160-161).

კერძო სექტორის ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა მსხვილი კოპანიები, მათი ფილიალები გარემოს დაცვის საკითხებს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ასეა დღესაც, რასაც ვერ ვიტყვით საშუალო და მცირე ბიზნესზე. თუ მსხვილი ბიზნესისათვის გარემოსდაცვითი  საქმიანობა, გარემოებათა გამო, ერთგვარ მოთხოვნილებად გადაიქცა, მცირე ბიზნესს, ასეთი მოთხოვნილების არსებობის მიუხედავად, თუნდაც  მწირი ფინანსური რესურსების გამო, არა აქვს ბუნებრივ  გარემოზე ზემოქმედების მუდმივი კონტროლის  არც ცოდნა,  არც შესაძლებლობა და არცთუ იშვიათად, სურვილიც კი. ამიტომ, მათ სახელმწიფოსაგან დახმარება სჭირდება, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე საგადასახადო შეღავათებით და ა.შ.

 საქართველოშიც უნდა შეიქმნას ისეთი სამეწარმეო გარემო, რომელიც  მცირე ბიზნესს შეაძლებინებს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს როგორც მთლიანი შიგა პროდუქტის წარმოებაში, ასევე გარემოსდაცვითი სტრატეგიის რეალიზებაში. ამის მიღწევა, ჩვენი სამეწარმეო პრაქტიკიდან გამომდინარე, რთული იქნება, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლისა  (რაც აუცილებლად უნდა გაძლიერდეს) და დახმარების  კომპლექსური ღონისძიებების გატარების შედეგად შესაძლებელი გახდება. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა დროულად უნდა გააცნობიერონ, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული საქმიანობით, ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტების წარმოებით და ა.შ.  მათი მოგების ზრდის მეტი შესაძლებლობები შეიქმნება (გაყიდვების მატება, ექსპორტის ზრდა და ა.შ.).

იმისათვის, რომ გარემოსდაცვითი პროცესების მართვაში წარმატებები იქნეს მიღწეული აუცილებელია მასში ჩართულ იქნეს მოსახლეობის ბევრად უფრო დიდი ნაწილი. დღეს უკვე არასაკმარისია მიმართვა: ,,არ დაანაგვიანო“. მოსახლეობა ცენტრში თუ რეგიონებში გარემოსდაცვითი პროგრამა-პროექტების რეალიზაციაში მეტი აქტიურობით უნდა ჩაებას. ამ მიმართულებით საჭიროა  ახსნა-განმარტებითი საქმიანობის ფართოდ გაშლა, იმ სიკეთის თითოეულ მოქალაქემდე დაყვანა, რაც შეიძლება მათ მოუტანოს ჯანსაღი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებამ. ხელისუფლებასთან ერთად, ამ მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანი მასმედიის როლი.

იმის გათვალისწინებით, რომ გარემოსდაცვითი პროგრამა-პროექტების რეალიზება დიდი  ოდენობის თანხებს საჭიროებს (და რომ საქართველოს შიგა რესურსული პოტენციალი არცთუ დიდია),  უცხოელი დონორების მოძიება კვლავაც მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს მუშაობა მეგობარ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან,  ინვესტორებთან. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, ჩვენს ქვეყანას, კვლავაც მნიშვნელოვნად შეუწობს ხელს ფინანსური რესურსების მოძიებაში.

დასკვნა: საქართველოს ხელისუფლების (როგორც ცენტრში ასევე რეგიონებში) მხრიდან  ,,მწვანე ეკონომიკის“ და ,,მწვანე მენეჯმენტის“ ყველა სექტორის მიმართ დაინტერესების ზრდა და საქმიანობის გააქტიურება გარემოსდაცვით  სფეროში არსებული პრობლემების თანდათანობითი დაძლევის შესაძლებლობას ქმნის, რაც, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული. ამ მიმართებით საქართველოში აუცილებელია ამაღლდეს ბიზნესის  სოციალური პასუხისმგებლობა, მათ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ,,მწვანე ეკონომიკისა“ და ,,მწვანე მენეჯმენტის“ ეფექტიანობის ზრდის  ღონისძიებების დასახვასა და რეალიზებას. ეს, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესს ეხება. მოსახლეობამ სრულად უნდა გაცნობიეროს გარემოსდაცვითი ღონისძიებების სიკეთე და აქტიურად ჩაებას ამ საყოველთაო მოძრაობაში. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.  საქართველოს გარემოსდაცვითი კონცეფცია- ,,მწვანე ეკონომიკა“, თბ., 2018;

2. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, ქუთაისი, 2018 წლის 13 დეკემბერი. №3948-I;

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება, საქართველოს მთავრობის  დადგენილება №112, ქ. თბილისი, 2018 წლის 6 მარტი;

4. ს. რობინსი, მ. კოულტერი, მენეჯმენტი, 2014. ქართული თარგმანი, ელექტრონული ვერსია, თსუ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა;

5. ნინო კვერღელიძე, მყარი ნარჩენების მართვა საქართველოში, თბ.,2014; https://www.kas.de/c/document_library/get_file?uuid=982df88d-130f-9d79-a653-     d25efbab809f&groupId=252038;

6. Green Management – Concept and Strategies; National Conference on Marketing and Sustainable Development October 13-14, 2017; https://www.researchgate.net/publication/330089504_ Green_Management-Concept_and_Strategies


[1]  როგორიცაა:  1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, ზღვის, მათ შორის – ტალღებისა და მიქცევა-მოქცევის, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია); 2. მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები); 3. სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტროსატრანსპორტო საშუალებები); 4. წყლის რესურსების მართვა (წყლისა და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება); 5. ნარჩენების მართვა (ნარჩენების დახარისხება, უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა); 6. მიწის მართვა (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების განაშენიანება) და ა.შ.

[2] გარემოსდაცვითი ღონისძიებები გათვალისწინებული იყო საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც, მაგრამ მისი  შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიში, ჯერ-ჯერობით,   გამომოქვეყნებული არ არის.

[3]  არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მართვის ნებისმიერი, განსაკუთრებით კი უმაღლესი რგოლი, კადრებით, შეიძლება ითქვას, რომ ,,გადაჯერებულია“. ამაზე, პირველ რიგში, ამჟამად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში დასაქმებულთა რაოდენობაც მიუთითებს (227 კაცი). იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს პარლამენტის მიმართაც (პარლამენტის 150 წევრი და აპარატის 670 თანამშრომელი). დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა სახელმწიფო თუ მუნიციპალური მართვის სხვა რგოლებშიც. მართალია, ბოლო წლებში, ქვეყნის მართვის სისტემაში დასაქმებულთა რიცხვი  შემცირდა, მაგრამ ეს, ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს, მართვის სისტემის შენახვის ხარჯები კვლავაც ძალიან დიდია. რადგან აღნიშნული პრობლემა, ჩვენი  სტატიის თემას სცილდება, მას მომავალში განვიხილავთ.

[4] ამ პრობლემის დასაძლევად გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის დანერგვა, მათი კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია.